29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

2009 წლის 27 იანვრის ქართული პრესის მიმოხილვა
2009 წლის 27 იანვრის ქართული პრესის მიმოხილვა

გაზეთი ალია 27-28 იანვარი 2009 წელი #10

ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან აიღო ნინო რეხვიაშვილმა. ნინო ბურჯანაძე გაზეთისა და ჟურნალის გამოშვებას გეგმავს?

საკვანძო ინფორმაცია

- გია ცაგარეიშვილის თქმით: ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც საფუძველი აქვს გამოცლილი და დილიდან საღამომდე ჩემი და ჩემი კოლეგების ლანძღვა-გინებითაა დაკავებული, აღარ ახსოვს არც გიგა ბოკერია, არც მერაბიშვილი, სააკაშვილზე აღარ ვსაუბრობ. მათი მთავარი პრობლემა თურმე ყოფილან ოპოზიციონერები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამ ლანძღვა-გინებას მათთვის კარგი არ მოაქვს. უნდოდათ პარალელური სტრუქტურების შექმნა, ვერ შექმნეს, უნდოდათ რაღაცეების აგორება, ვერ ააგორეს. როცა რაღაცას ჰპირდები ხალხს და მუდმივად არ ასრულებ, მთლად კარგი წარმოდგენა არ ექმნება შენზე ხალხს. ამიტომ მათთვის ალასანიასნაირი კიბისმაგვარი ლიდერი მართლაც რომ მაშველი რგოლივით არის. მათ სჭირდებათ გაუსვრელი ლიდერი, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს. ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსი ალასანიასი არის ის, რომ იგი ბოლო 5-6 წლის მანძილზე არ ყოფილა საქართველოში და არ მონაწილეობდა ამ ხელისუფლების გადანაწილების საშინელ სცენარებში. შეიძლება მე ვცდები, ყოველ შემთხვევაში მინდა ვიფიქრო, რომ ალასანია რაღაც ახლის მომტანი იქნება ქართულ პოლიტიკაში;
- გია ცაგარეიშვილის სიტყვებით: ნინო ბურჯანაძე არამარტო ჟურნალის გამოშვებას აპირებს, არამედ საუბარი შეიძლება იყოს რაღაც გაზეთზეც. კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს ორივე წამოწყება ვითომდა უნდა შეიფუთოს ნეიტრალური ჟურნალისა და გაზეთის საბურველში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორიენტირებული ბურჯანაძის განდიდებაზე, როგორც სწორუპოვარი პოლიტიკოსის.

გაზეთი ალია 27-28 იანვარი 2009 წელი #10

ინტერვიუ კობა დავითაშვილთან აიღო დიტო ჩუბინიძემ. ალიას საშუალებით ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობ...

საკვანძო ინფორმაცია

- კობა დავითაშვილის თქმით: ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა მეთოდით იქნება არჩეული ოპოზიციის ლიდერი. დღეს ოპოზიციაში საკითხი დგას, ვინ უნდა იყოს ლიდერი. მოდით, ხალხს ვკითხოთ და ჩავატაროთ პრაიმერი, ალიას საშუალებით ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობ, რომ ჩავატაროთ შიდა არჩევნები და ვნახოთ, საზოგადოება ვის უჭერს მხარს, და ჩვენც იმას დავუჭიროთ მხარი. დემოკრატიულად არჩეული ლიდერი რომ ავტორიტარი გახდეს, ნაკლები შანსია, ვიდრე ადამიანი, რომელიც მოდის რევოლუციით. იგივე გავაკეთოთ საპარლამენტო არჩევნებში.

გაზეთი ალია 27-28 იანვარი 2009 წელი #10

ინტერვიუ რამაზ კლიმიაშვილთან აიღო გელა ზედელაშვილმა

საკვანძო ინფორმაცია

- რამაზ კლიმიაშვილის თქმით: როგორც ვატყობ, დღეს ოპოზიციიდან ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძე აქტიურობს, რეგიონალურ ორგანიზაციებს ქმნის და ბოლო დღეებში ტელევიზიითაც ხშირად ჩანს. სამწუხაროდ, შარშანდელი ოპოზიციიდან ჯერ სერიოზული არაფერი ისმის. ყველაფერი ბურჯანაძის გაპრეზიდენტებისკენ მიდის;
- რ.კლიმიაშვილის სიტყვებით: უახლოეს ხანში ეროვნული ფორუმი აპირებს გააქტიურებას. ალასანიას უკვე გოდოს მოვლენა შეარქვეს: ერთი პიესა იყო ასეთი, წარმოდგენა მიდიოდა, მთელი საათნახევრის განმავლობაში გოდოს გამოჩენას ველოდებოდით და ბოლოს მაინც არ გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ალასანიაც ბუშის პროექტი იყო, მაგრამ ვერ მოასწრო. რაღაც მოხდა, რაღაც ვერ გადაინაწილეს. თითქოს ალასანიას არ უნდოდა, კონსტიტუციისთვის ვინმეს ხელი ეხლო, ამ ფორმით მოინდომა ხელისუფლებაში მოსვლა. არადა, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას დღევანდელი კონსტიტუცია არ მოსწონს;
- რ.კლიმიაშვილი ასევე აცხადებს: მე ამერიკის პოლიტიკურ სიტუაციას ვაკვირდები, ვაანალიზებ და გამომაქვს დასკვნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ სწყალობს. უახლოეს ხანში ამას ყველა დაინახავს. თუმცა, ეს საწყენი მხოლოდ მიშასთვის და მისი ხალხისთვის იქნება, ჩვენ შვებით ამოვისუნთქავთ.

გაზეთი ალია 27-28 იანვარი 2009 წელი #10

სტატიის ავტორი ეკა სეხნიაშვილი. სააკაშვილი ბაღაფშთან შეხვედრას გეგმავს?

საკვანძო ინფორმაცია

- როგორც ალიამ ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროსგან შეიტყო, თურმე მ.სააკაშვილი ახალ ტაქტიკას იმუშავებს. ვიდრე საერთაშორისო საგამოძიებო კომისია აგვისტოს ომის თაობაზე დასკვნას დადებს, მ.სააკაშვილის გარემოცვა ეცდება, მილიტარისტული იარლიყები მოიშოროს და სხვა გზა აირჩიოს. ამჯერად მ.სააკაშვილი იმ პროგრამის ხელახლა განვითარებას ეცდება, რომელიც მან გასულ წელს გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა: სეპარატისტულ მთავრობებთან დიალოგს და ამის სათანადოდ გაპიარებას ეცდებაო;
- სხვათა შორის, აფხაზეთის გარკვეულ წრეებში, მათ შორის, ე.წ. პროაფხაზურ დაჯგუფებებში, აქტიური ძვრები დაიწყო. ე.წ. კაზანის ჯგუფი, რომელიც აფხაზეთში რუსების მონოპოლიას უკვე აპროტესტებს, თურმე ჩუმ-ჩუმად იმასაც აფიქსირებს, რომ მზადაა, სალაპარაკოდ სააკაშვილსაც კი დაუჯდესო;
- რამდენადაც მ.სააკაშვილს ახლა ჟანგბადივით სჭირდება მშვიდობის მტრედის იმიჯის დაბრუნება, თურმე სახელისუფლებო წრეებში უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ფონი უნდა მომზადდეს მ.სააკაშვილისა და ს.ბაღაფშის შეხვედრისთვის. როგორც ამბობენ, მ.სააკაშვილს ძალიანაც არ უნდა ე.კოკოითთან შეხვედრა, მაგრამ მ.სააკაშვილის კარზე ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული ყოფილა;
- თუკი ოპოზიცია ხშირად აპელირებს ირაკლი ალასანიას განსაკუთრებული სიახლოვით აფხაზეთის წრეებთან, მ.სააკაშვილი ასეთი ჟესტით ეცდება, მათ ეს კოზირიც გამოაცალოს ხელიდან და თავად მოახდინოს მსოფლიოს წინაშე დეკლარირება, რომ სულაც არაა ომის მოყვარული პრეზიდენტი;
- როგორც ალიას სახელისუფლებო წრეებიდან უთხრეს, ამისთვის რუსეთის გარკვეულ ჯგუფებთან მუშაობა დაწყებულა. ამ საქმეში ინიციატივა, როგორც ამბობენ, თავის თავზე პირადად ვ.პუტინთან დაახლოებულ მიხეილ ხუბუტიას აუღია. ალიას წყაროს ინფორმაციით, მ.ხუბუტიას გასულ კვირას პირადად დაურეკავს საქართველოს ხელისუფლების გავლენიანი პირებისთვის. მართალია, იულონ გაგოშიძე ოფიციალურად უარყოფს 2 თებერვალს დაგეგმილ ქართველთა კონგრესში მონაწილეობას, მაგრამ, როგორც ალიას წყარო უხსნის, არაოფიციალურად და კონსპირაციულად მოსკოვში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯგუფი მაინც ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავსო;
- ალიას წყარო იმასაც უყვება, რომ მ.ხუბუტიას ცოტა ხნის წინ თავად მ.სააკაშვილთანაც უსაუბრია. სხვათა შორის, მ.ხუბუტიას მამა დღესაც წალენჯიხის რაიონში ცხოვრობს და ახლახან მისთვის ვანო მერაბიშვილის უწყებას რომ ნაკვეთი ჩამოურთმევია, მაშინ მ.ხუბუტიას თხოვნით მ.სააკაშვილისთვის მიუმართავს.

გაზეთი ალია 27-28 იანვარი 2009 წელი #10

ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან აიღო ირინა გოგოსაშვილმა. რა განცხადებას გააკეთებს დღეს ქართული აცადემია?

საკვანძო ინფორმაცია

- ნუკრი ქანთარიას თქმით: ჩვენ სააკაშვილთან დიალოგში მაშინ შევალთ, თუ მათ ჩაუშესკუს ბედი დაემუქრებათ. აი, მაშინ მივალთ კანცელარიაში თუ რეზიდენციაში, დაველაპარაკებით და პირადად მე და ჩემი მეგობრები ქართული აკადემიიდან, გავხდებით გარანტორები, რომ მათ ფიზიკური საფრთხე ავაცილოთ თავიდან. კორიდორს გავუკეთებთ, მკერდით გადავეფარებით და წავიდეს საითაც მოესურვება. იმ ხელისუფალთან, რომელმაც ომი, ტერიტორიები და ათასი უბედურებები დაგვატეხა თავს, დიალოგი შეიძლება? დიალოგზე როცა მიდიხარ, ესე იგი, გჯერა, რომ გამოსწორდება, კარგად გეურთიერთება, შეცდომებს გამოასწორებს და ა.შ. მაგრამ, მსგავსი სააკაშვილში არაფერი მოხდება და მთელი ეს მოსყიდვითი ფანდი, მხოლოდ იმისთვისაა გათვლილი, რომ მიშამ საკუთარი არსებობა გაიხანგრძლივოს. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა ახლა ინტელიგენციაში განხეთქილება დაგეგმა და უნდა, რომ ინდაურების ჭამის შემდეგ, ახლა ერთმანეთი დაგვაჭმევინოს. 27 იანვარს ქართული აკადემია თავის განცხადებაში მკაფიოდ იტყვის სათქმელს და ეს განცხადება იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოებას იქ მისულ სტუმართაგან ვინმე ჩვენი აკადემიის წევრებში არ აერიოს;
- ნუკრი ქანთარიას სიტყვებით: ირაკლი ალასანია თვითონ იყო ქართულ აკადემიასთან შეხვედრის ინიციატორი და ჩვენ, რამდენიმე ადამიანი შევხვდით მას. სასტუმრო მერიოტში მივედით: მე, თემურ ნანეიშვილი, გელა დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, კოტე ჯანდიერი და თამაზ ჯოლოგუა. ვისაუბრეთ, შეკითხვები დავუსვით, მივიღეთ ამომწურავი პასუხები და საერთოდ, ძალიან მშვიდ გარემოში ვიურთიერთეთ. ალასანია გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ინგა გრიგოლიას გადაცემაში ირაკლი ალასანიას გაჟღერებული მოსაზრებები კარგი იყო და მომავალში, უფრო უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. ახლა ისეთი ადამიანებიც გამოჩნდებიან სულ მალე, რომლებიც იტყვიან, დაჭერილი გვყავდა ალასანია ჩვენ თვითონო, წამალს ჩვენგან ყიდულობდაო და ა.შ.

გაზეთი ახალი თაობა 27 იანვარი 2009 წელი #23

სტატიის ავტორი ნანა მიშელაშვილი. ალასანიას საიდუმლო მალე გაირკვევა

საკვანძო ინფორმაცია

- ისევ გაურკვეველია ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ირაკლი ალასანია. უკვე ცნობილია, რომ ი.ალასანია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აწარმოებს კონსულტაციებს. თუ მანამდე ცნობილი იყო, რომ ი.ალასანია კონსულტაციებს ახლები-რესპუბლიკელების ალიანსთან აწარმოებდა, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საუბარი მიდის ეროვნულ ფორუმთან და ლევან გაჩეჩილაძესთან;
- გია ცაგარეიშვილის თქმით: მე არ ვიცი, ვინ იქნება ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდში. მოლაპარაკება მიდის არამარტო ერთი მიმართულებით, არამედ უკვე გამოჩნდა სამი მიმართულება. ჯერ ჩანდა ერთი მიმართულება: ახლები-რესპუბლიკელების ალიანსი, ახლა გამოჩნდა ეროვნული ფორუმი და ოპოზიციური გაერთიანება ლევან გაჩეჩილაძის სახით. ოპოზიციაში ძალიან ბევრისთვის, ალასანია გადარჩენის ერთ-ერთი ფაქტორია. ეს ადამიანები მასზე ისე არიან ჩამოკიდებული, როგორც წყალწაღებულები ხავსზე. აქამდე, დავით გამყრელიძე ამბობდა, რომ ალასანია არის ფიგურა, ლიდერი და მის გარშემო გაერთიანდებიან. ახლა, როცა სამ სუბიექტს ესაუბრება ალასანია და არა ერთს, ბატონ გამყრელიძეს უკვე აღარ უნდა ლიდერი, ოპოზიციას აღარ სჭირდება ლიდერი. ეს პოზიციების არათანმიმდევრულობაა. ის პირველადი სურათი, რაც ალასანიას თავიდან დაუხატა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც ამერიკიდან ჩანდა. ახლა ალასანია დილემის წინაშეა, რა ჰქნას ძალიან ბევრი მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ღირსეულ გამოსავალს იპოვის ამ სიტუაციიდან;
- ნუგზარ წიკლაურის სიტყვებით: ალასანიას პირველი განცხადება ხისტი იყო, სადაც ამბობდა, რომ აგვისტოს კონფლიქტის დაწყებისას ქართულ მხარეს მეტი ბრალი მიუძღვოდა. ამან, მაშინ საზოგადოების ცუდი რეაქცია გამოიწვია. კვირას, გაცილებით შერბილებული ვარიანტი იყო წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინაც ვამბობდი, რომ ალასანიასგან არაფერს ახალს არ მოველი. ალასანიამ რაღაცნაირად მაინც დაადასტურა, რომ ითანამშრომლებს გამყრელიძესთან და გაჩეჩილაძესთან. როცა თქვა ლევან გამყრელიძე, ვფიქრობ, რომ ერთის სახელი აიღო და მეორის გვარი. ალბათ, გამოიკვეთება ალასანიას პოლიტიკური გუნდი. ალასანიამ, სხვებისგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ახალი არჩევნები არ იქნება, ამიტომ პარტიის შექმნის აუცილებლობას ახლა ვერ ხედავს. ალასანია პარტიის შექმნას დაიწყებს მაშინ, როდესაც მოახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი. ეს იქნება 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- კულუარებში ამბობენ, რომ ი.ალასანიას პოლიტიკურ გუნდში იქნებიან: ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, გიგა მახარაძე, სოზარ სუბარი და ა.შ. იმედია, ი.ალასანია საკუთარი გუნდის პრეზენტაციას თებერვლის ბოლოს მაინც გამართავს. პოლიტიკურ ავანსცენაზე ი.ალასანია და მისი პოლიტიკური გუნდი სვლას გაზაფხულზე დაიწყებს.

გაზეთი 24 საათი 27 იანვარი 2009 წელი #16

სტატიის ავტორი ეკა კვესიტაძე. გადაჭარბებული, მაგრამ გასაგები მოლოდინი

საკვანძო ინფორმაცია

- ჟურნალ ცხელი შოკოლადისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ განაცხადა შემდეგი: საქართველოში საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანს დაუკავშირო დიდი ემოციური მოლოდინი, ვიდრე არ გაარკვევ, რა ამოძრავებს მას და რა ღირებულებების მქონეა;
- აღნიშნული ჟურნალისთვის და I არხისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, ჩვენს ცოდნას ი.ალასანიაზე ბევრი არაფერი შემატებია: ის თავდაჭერილი, კორექტული და ღირსეული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მისი განცხადებები ისევ ზოგადი ხასიათისაა და ისევეა მოკლებული საჭირო კონკრეტიკას, როგორც ოპოზიციის ყველა სხვა ლიდერის: რატომ გადადგა ხელისუფლებამ ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში მცდარი ნაბიჯი და მის ადგილას რა ტაქტიკას აირჩევდა, კონკრეტულად რას გააკეთებდა დღეს არსებული ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ;
- ამ ინტერვიუებიდან ისიც უცნობი დარჩა, რა გეგმები აქვს ი.ალასანიას. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს და არც სხვა პარტიებთან გაერთიანებას. ი.ალასანია არც იმას ამბობს, ხედავს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ თავს. ანუ ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რა ამოძრავებს მას. ბევრი რამ არც მისი ღირებულებების შესახებ ვიცით. ასე რომ, ი.ალასანიაზე ახალი არაფერი შეგვიტყვია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ი.ალასანია რევოლუციონერი, სპონტანური, ემოციური, ზოგჯერ გაუწონასწორებელი და რადიკალური ცვლილებების მოყვარული მ.სააკაშვილის სრული ანტიპოდია: გაწონასწორებული, ზედმიწევნით კორექტული, მოზომილი და მხოლოდ დაგეგმილი პოლიტიკის გამტარებელი. ჟურნალ ცხელი შოკოლადისთვის მიცემულ ინტერვიუში ი.ალასანია მ.სააკაშვილს ძალიან ფრთხილად ეხება: ხან აქებს, ხან აკრიტიკებს, მაგრამ ზღვარს არც ერთი მიმართულებით ერთი სანტიმეტრითაც კი არ აბიჯებს;
- ქართულ საზოგადოებაში ი.ალასანიას მიმართ მოლოდინი, ალბათ, აშკარად გადაჭარბებული, მაგრამ სრულიად გასაგები და ასახსნელია. უკვე მერამდენედ მარგინალიზებული ოპოზიციის ფონზე ახალი ადამიანის გამოჩენა, რომელიც ეპატაჟის წყურვილსა და რადიკალიზმის ტყვეობაში არ არის მოქცეული, თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. კარგია, თუ ი.ალასანია მოლოდინის რაღაც ნაწილს მაინც გაამართლებს და სოლიდურ პოლიტიკურ ოპონენტად ჩამოყალიბდება. ეს კი გაცილებით უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამის მაგალითი, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის სახით, უკვე არსებობს;
- პოლიტიკოსობა ძალიან განსხვავდება ჩინოვნიკობისაგან, მით უმეტეს დიპლომატიური ჩინოვნიკობისაგან. ის უზარმაზარ ენერგიას, კარდაკარ სიარულს, გუნდის მართვას, პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და აუცილებელ ქარიზმას მოითხოვს. აქვს თუ არა ეს თვისებები ი.ალასანიას, ძალიან მალე გამოჩნდება;
- საინტერესოა ისიც, თუ რამდენად მოერგება ბოლომდე ი.ალასანიას პოლიტიკური ტემპერამენტი ქართველი ამომრჩევლის მოთხოვნებს, რომელიც აქამდე უპირატესობას ემოციურ და რადიკალ პოლიტიკოსებს ანიჭებდა;
- თუ თავისი ზომიერებით ი.ალასანიამ პოპულარობა მაინც შეინარჩუნა, მას ძალიან დიდი ენერგიის ჩადება სხვა მიმართულებით მოუწევს: ხელისუფლებას თანმიმდევრული და სერიოზული ოპონირება უნდა გაუწიოს ყველა სფეროში და ხალხს რეალური ალტერნატივის განცდა გაუჩინოს. ოპოზიციასთან ურთიერთობის ასეთი რეჟიმი კი მედიისა და ოპოზიციისგან მოდუნებულ ხელისუფლებას მხოლოდ წაადგება. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უფრო ეფექტური ფორმების მოძებნა მოუწევს საზოგადოებამდე თავისი სათქმელის მისატანად, ვიდრე პუტინისგან სრულიად დისკრედიტირებული სახალხო ინტერვიუა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში მოხდება, რომლის ალბათობაც, სამწუხაროდ, არც ისე დიდია.

გაზეთი რეზონანსი 27 იანვარი 2009 წელი #17

სააგენტო ინტერპრესნიუსი. აჭარაში ბურჯანაძემ რეგიონული კონფერენცია ჩაატარა

საკვანძო ინფორმაცია

- აჭარაში გუშინ დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს რეგიონული კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაესწრო. აღნიშნულ რეგიონულ ორგანიზაციას ზურაბ ავალიანი და მალხაზ ბალაძე უხელმძღვანელებენ. ზურაბ ავალიანი ქედის ყოფილი გამგებელია, მალხაზ ბალაძე კი მრეწველების პარტიის ყოფილი წევრი და უნივერსიტეტის პედაგოგი. რეგიონული კონფერენცია ბათუმის თეატრში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დარბაზი მთლიანად შევსებული იყო. თეატრის ერთ-ერთ ფლიგელში კი 100-მდე ადამიანი კონფერენციის მსვლელობას მონიტორით ადევნებდა თვალს, მათ შორის იყო ბადრი ბიწაძე.

გაზეთი რეზონანსი 27 იანვარი 2009 წელი #17

სტატიის ავტორი მარი ოთარაშვილი. კოკოითი ახალგორში რუს გამგებელს დანიშნავს

საკვანძო ინფორმაცია

- კოკოითის სეპარატისტული ხელისუფლება ოკუპირებულ ქსნის ხეობაში გამგებლად რუსის დანიშვნას აპირებს. აღნიშნულს თავად ახალგორელები აცხადებენ. ადგილობრივებისვე თქმით, ეს ინფორმაცია მათ ცხინვალელი ოსებისგან აქვთ. ამ დროისთვის კი ახალი გამგებლის ვინაობა მათთვის უცნობია, თუმცა იმას ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები ახლანდელ ლიბერალურ გამგებელს მკაცრით შეცვლიან, რომელიც, მათი ვარაუდით, პირველ რიგში, რუსულ პასპორტიზაციაზე იზრუნებს. ახალგორელებს იმის შიშიც აქვთ, რომ აპრილის შემდეგ ახალგორის დაწესებულება-ორგანიზაციებს დახურვა-ლიკვიდაცია ემუქრებათ, მათ კი უმუშევრობა და უხელფასობა.

გაზეთი რეზონანსი 27 იანვარი 2009 წელი #17

სტატიის ავტორი ია აბულაშვილი. სიკორსკი: ნატო აღმოსავლეთით გაფართოებისგან დაიღალა

საკვანძო ინფორმაცია

- მიმდინარე წელს ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება. არაოფიციალური ცნობებით, ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იხილება, მათ შორის კანადის თავდაცვის მინისტრი პიტერ მაკკეი, დანიის პრემიერ-მინისტრი ანდრეს რასმუსენი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. სავარაუდოდ, კანდიდატურების წარდგენა აპრილში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაზე მოხდება;
- ის, რომ ნატო-ს ამ მაღალ პოსტზე პოლონეთიც აპირებს თავისი კანდიდატურის წარდგენას, ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა, ხოლო ერთ-ერთი პრედენდენტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როდისლავ სიკორსკი თავის მოსაზრებებს, ნატო-ს შემდგომი გაფართოების შესახებ, უკვე გამოთქვამს უცხოურ პრესაში;
- ბრიტანული გაზეთის დეილი ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში რ.სიკორსკი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაიღალა გაფართოებით და ამ მომენტისთვის მას არა აქვს სურვილი თავის რიგებში მიიღოს საქართველო და უკრაინა. რ.სიკორსკის სიტყვებით: ნატოს აქვს სურვილი, ამ ქვეყნებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ თვითრეფორმირების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი ინსტიტუტი, ევროკავშირიც და ნატოც დაღლილები არიან გაფართოებისგან, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანება ძალიან შორეული პერსპექტივაა. ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი გაფართოების კუთხით შეიძლება მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიც იყოს. გაფართოება ყოველთვის ძნელია რეცესიის პერიოდში;
- გუშინ კი ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს დახურული კონსულტაციები გაიმართა. ექსპერტების აზრით, ეს ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობებში დათბობის დაწყებას ნიშნავს.
27 01 2009 by giorgi4