29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

2009 წლის 28 იანვრის ქართული პრესის მიმოხილვა
2009 წლის 28 იანვრის ქართული პრესის მიმოხილვა

გაზეთი რეზონანსი 28 იანვარი 2009 წელი #18

სააგენტო ინტერპრესნიუსი. პარლამენტში ბურჯანაძის დასაყრდენ ძალაზე ალაპარაკდნენ

საკვანძო ინფორმაცია

- პარლამენტში ნინო ბურჯანაძის სავარაუდო დასაყრდენ ძალაზე ალაპარაკდნენ. თავად ნ.ბურჯანაძის პარტიაში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის გეგმას უარყოფენ, მაგრამ გუშინ პარლამენტში უკვე სავარაუდო კანდიდატებზე მაინც საუბრობდნენ. კერძოდ, საპარლამენტო კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ნ.ბურჯანაძის დასაყრდენი გახდეს ისეთი ძალა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია და არ არის მიბმული ნაციონალურ მოძრაობასთან. ასეთ დეპუტატებად კი სახელდებიან: ზაზა გამცემლიძე, გია როინიშვილი, გია არსენიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, თემურ ჩარკვიანი, აკაკი ბობოხიძე, ვანო ხუხუნაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, ზურაბ ბუცხრიკიძე და თემურ კოხოძე.

გაზეთი რეზონანსი 28 იანვარი 2009 წელი #18

სააგენტო ინტერპრესნიუსი. საპარლამენტო უმცირესობა ალასანიასთან შესახვედრად ემზადება

საკვანძო ინფორმაცია

- ირაკლი ალასანიას საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა სურს. როგორც ცნობილი გახდა, ი.ალასანიამ ეს გადაწყვეტილება არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან პირველი შეხვედრების შემდეგ მიიღო. ამ ინფორმაციას საპარლამენტო ოპოზიციაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, შესაბამისად, არც შეხვედრის თარიღს აკონკრეტებენ. ამას გარდა, საპარლამენტო ოპოზიციაში არც იმას აკონკრეტებენ, შესაძლებელია ან მოსალოდნელია თუ არა ი.ალასანიას და საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციების დაახლოება.

გაზეთი რეზონანსი 28 იანვარი 2009 წელი #18

სტატიის ავტორი მარი ოთარაშვილი. ალასანია ოპოზიციურ ნიშას იკავებს

საკვანძო ინფორმაცია

- ირაკლი ალასანია საკუთარ გუნდს საზოგადოებას თებერვლის შუა რიცხვებში გააცნობს. პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 12 ან 14 თებერვალს გაიმართება. დანამდვილებით უცნობია, თუ ვისგან შედგება ი.ალასანიას გუნდი, თუმცა კულუარებში უკვე თითქმის დარწმუნებით ამბობენ, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე სოზარ სუბარი იქნება. ამ ვერსიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იზიარებენ. ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ჩხეიძის სახალხო დამცველის მოადგილედ გადამისამართება სწორედ ს.სუბარის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდება, ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ს.სუბარი თანამდებობას მართლა დატოვებს, მის მოვალეობას სწორედ გიორგი ჩხეიძე შეასრულებს. პოლიტიკურ წრეებში არც იმას გამორიცხავენ, რომ მომავალში ომბუდსმენის სავარძელი სწორედ გიორგი ჩხეიძემ დაიკავოს;
- რამაზ საყვარელიძე ირაკლი ალასანიას ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოიაზრებს. მისი აზრით, ოპოზიციის ეს ნაწილი რადიკალური იქნება, რომელსაც მ.სააკაშვილი სერიოზულად უდგება. რამაზ საყვარელიძის სიტყვებით: ერთი რამე ცხადია, რაც უკვე გამოჩნდა პრეზიდენტის ინტერვიუს დროს: თუკი ის ხუმრობის ტონით საუბრობდა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილზე, ბურჯანაძე-ალასანიას გუნდის მიმართ მას აქვს ერთგვარი შიშის თუ სიფრთხილის გრძნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს სააკაშვილი სერიოზულად უდგება და ამისი საფუძველიც აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი დანარჩენი ოპოზიციური დაჯგუფებებისგან არსებითად განსხვავდება თუნდაც იმით, რომ მჭიდრო კონტაქტები აქვთ დასავლეთის იმ წრეებში, რომლითაც ამაყობს თავად სააკაშვილი;
- როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ი.ალასანიას შესწევს ძალა, ოპოზიციური ძალების სადავე ხელთ აიღოს. გიორგი მარგველაშვილის თქმით: მისასალმებელია, რომ საქართველოში იკრიბებიან უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსები და ქმნიან ოპოზიციურ ძალებს. ნათლად ჩანს ის, რომ ალასანია ოპოზიციურ ნიშას იკავებს.

გაზეთი რეზონანსი 28 იანვარი 2009 წელი #18

სტატიის ავტორი ია აბულაშვილი. რაზე შეთანხმდებიან ობამა და მედვედევი?

საკვანძო ინფორმაცია

- აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონი საუბარი უკვე შედგა და შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. ასევე, მათ გამოთქვეს მზადყოფნა, გამოიყენონ ყველა ძალა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების პოტენციალის აღსადგენად. როდის ესტუმრება ბ.ობამა რუსეთს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება ბ.ობამა რუსეთში პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩავიდეს. ეს ტურნე 2 აპრილს ლონდონში დიდი ოცეულის სამიტით იწყება.

გაზეთი ახალი თაობა 28 იანვარი 2009 წელი #24

სტატიის ავტორი ნანა მიშელაშვილი. ვინ იქნება ალასანიასთან?

საკვანძო ინფორმაცია

- ირაკლი ალასანია საკუთარი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას თებერვლის შუა რიცხვებში მოახდენს. ი.ალასანიას პოლიტიკურ გუნდში ყოფილი და ამჟამინდელი ელჩები მოიაზრებიან. ეს პოლიტიკური გუნდი დიპლომატებით ყველაზე უფრო დახუნძლული იქნება. ი.ალასანიას სავარაუდო გუნდი ასე გამოიყურება: გიგა მახარაძე, ვიქტორ დოლიძე, ლევან მიქელაძე, ზურაბ აბაშიძე, გიორგი თავაძე, გია ყარყარაშვილი, სოზარ სუბარი. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც შესაძლოა ი.ალასანიას გუნდში აღმოჩნდეს, არის გოგა ხაიდრავა;
- საქართველოში მეორედ ჩამოსვლის შემდეგ, ი.ალასანიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საუბარი სამი მიმართულებით მიმდინარეობს: მან დაასახელა ახლები-რესპუბლიკელების ალიანსი, ეროვნული ფორუმი და ლევან გაჩეჩილაძე. თუ მანამდე ახლები-რესპუბლიკელების ალიანსი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ი.ალასანია მათთან მივიდოდა, დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში მათი ტონი, ცოტა არ იყოს, შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ი.ალასანია მხოლოდ ახლები-რესპუბლიკელებს არ ხვდებოდა, ეს ამ ალიანსში კამათის მიზეზი გახდა. თუ ახლები-რესპუბლიკელების ალიანსს თავიდან ი.ალასანია ლიდერად უნდოდა, შემდეგ მათ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ლიდერი არ არის საჭირო. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ახლები-რესპუბლიკელების ალიანსთან შეხვედრის შემდეგ, ი.ალასანია მიხვდა, რომ მათ ლიდერად მისვლა მაინცდამაინც მომგებიანი არ იყო. იმასაც ამბობენ, რომ ი.ალასანიამ სწორედ ამის გამო გადაიფიქრა აღნიშნული ალიანსის ლიდერობა;
- თუ ი.ალასანია ახლები-რესპუბლიკელების ალიანსთან არ იქნება, მომავალში, მას როგორც ერთი, ისე მეორე პარტია დაარტყამს. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ი.ალასანიას დიდად არ ადარდებს. ისე, ქართულ პოლიტიკაში ეს აპრობირებული და ცნობილი სცენარია. პოლიტიკოსები ჯერ პოლიტიკურ პარტნიორებს აქებენ, შემდეგ კი აკრიტიკებენ. ამდენად, თუ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ამგვარ სცენარს, ეს არახალი იქნება;
- რაც შეეხება ი.ალასანიას პარტიას, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ პარტიის შექმნას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ის ამაზე არ ფიქრობს. თუმცა, პოლიტიკურად აქტიური ფიგურები პარტიის გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ. საერთოდ, პოლიტიკაში დიდხანს დარჩენის მსურველები პარტიას ქმნიან და პარტიული ორგანიზაციების მშენებლობას იწყებენ. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ი.ალასანია ახალ პარტიას არ შექმნის და რომელიმე ნაკლებად ცნობილ პარტიას დაუკავშირდება. ამ ვერსიას რამდენიმე ადამიანი უკვე აქტიურად განიხილავს, თავად ი.ალასანია კი ჯერ არაფერს ამბობს. პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით ი.ალასანიამ ოპოზიციას იმდენივე შეკითხვა დაუტოვა, რამდენიც აქამდე ჰქონდა;
- ამ ეტაპზე ი.ალასანია მკვეთრ განცხადებებს არ აკეთებს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ი.ალასანიას მომავალი პოლიტიკური გემები ჯერ მკვეთრად არა აქვს ჩამოყალიბებული და ის პოლიტიკურ რეალობას ეცნობა. პოლიტიკაში ჩართვას ი.ალასანია გაზაფხულზე დაიწყებს. სწორედ ამ დროს გაირკვევა, როგორია მის მიმართ ნდობის ხარისხი და პოლიტიკური წონა.

გაზეთი 24 საათი 28 იანვარი 2009 წელი #17

სტატიის ავტორი ვერიკო თევზაძე. ოპოზიციური მოლოდინის რეჟიმი გრძელდება

საკვანძო ინფორმაცია

- არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს წინ უსწრებს საზოგადოების მოლოდინი, დაინახოს სიახლე ამ პროცესებში. ოპოზიციის გაერთიანების იდეა ჯერჯერობით ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების პოლიტიკურ ალიანსს ვერ გასცდა. თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კვლავ აცხადებენ, რომ კონსულტაციები გრძელდება და გარკვეულ შედეგებს უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. დღეისთვის არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ოპოზიციურ ძალებს, ასევე ირაკლი ალასანიასა და ცალკეულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის;
- მანანა ნაჭყებიას თქმით: პროცესის გაჭიანურების მიზეზი ტექნიკური საკითხებია და არა რაიმე უთანხმოება. ალიანსის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას ობიექტური (და არა სუბიექტური) მიზეზები აფერხებს. ეს მალე დაიძლევა;
- მანანა ნაჭყებიას სიტყვებით: დავით გამყრელიძე ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადასტურებდა, რომ უკიდურეს ზომებზე წასვლაც შეუძლია. ეს პოლიტიკოსის დადებითი თვისებაა და არა უარყოფითი. თავად ირაკლი ალასანიამაც არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში აქციებში მონაწილეობა. წონასწორობა მიტინგზეც შეიძლება შეინარჩუნო და პირიქით, კაბინეტშიც შეიძლება გქონდეს წონასწორობის დაცვის პრობლემა. ჩვენ შევეცდებით, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ხალხი ქუჩაში არ გამოვიყვანოთ. მაგრამ თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკური ბრძოლის ამ მეთოდზე უარს ვერ ვიტყვით;
- მანანა ნაჭყებია ასევე აცხადებს: ჩვენ ვსაუბრობდით ალასანიაზე, როგორც სასურველ პარტნიორზე. ეს პოზიცია დღესაც უცვლელია. მასთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება. რაც შეეხება ალასანიას და ჩვენი ალიანსის პოლიტიკურ მომავალს, ამაზე ჯერ ვერავინ გააკეთებს პროგნოზს, ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, შეიძლება ითქვას, არსებობს წინაპირობა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგეს.
28 01 2009 by giorgi4