29 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

"ახალი მემარჯვენეები (ახლები)"-ს
მსოფლმხედველობრივი პრინციპები და ღირებულებები

ჩვენ გვწამს ღმერთი
და ვმოქმედებთ აღიარებული მორალური პრინციპებით

• პიროვნების თავისუფლება
ადამიანი ღვთის ნებით თავისუფალ არსებად არის შექმნილი, შესაბამისად მას აქვს უფლება თავისუფლად მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, მისი ღირსება იყოს ხელშეუხებელი და იცხოვროს პირადი მრწამსის მიხედვით.

• შეზღუდული მთავრობა
ხელისუფლება არის ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისაგან მინიჭებული უფლებებით აღჭურვილი. მისი მთავარი მოვალეობაა _ უზრუნველყოს პიროვნების სიცოცხლე, თავისუფლება და უსაფრთხოება. უკეთესია ის ხელისუფლება, რომელიც ნაკლებად ერევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

• კანონის უზენაესობა
თავისუფლება და კეთილდღეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი ეფუძნება ადამიანის ღვთისაგან ბოძებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

• საკუთრების უფლება
კერძო საკუთრება პიროვნების თავისუფლების მატერიალური საფუძველი და მისი გახორციელების პირობაა. კერძო საკუთრება ხელშეუვალია.

• თავისუფალი მეწარმეობა
ძლიერი ეკონომიკა და დოვლათი მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში მიიღწევა.

• თანაბარი შესაძლებლობები
ყოველ ადამიანს აქვს უფლება _ იცხოვროს კონკურენტულ გარემოში და გააჩნდეს წარმატების მოპოვების თანაბარი შესაძლებლობები. რა შედეგს მიაღწევს ადამიანი ამ შესაძლებლობების გამოყენებით, ეს მის უნარზე, ნიჭსა და ცოდნაზეა დამოკიდებული.

• თვითდახმარება
ყოველ პიროვნებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, საკუთარი შრომით მიიღოს შემოსავალი, გახდეს გადახდისუნარიანი და თავად უზრუნველყოს სხვადსხვა სოციალური სიკეთე (სამედიცინო დახმარება, შესაფერისი განათლება, ნორმალური დასვენება, ხანდაზმულობა და სხვ). თვითდახმარება გაცილებით ღირსეული და გარანტირებული გზაა, ვიდრე სხვის (გადასახადის გადამხდელის) ხარჯზე ცხოვრება.

• ტრადიციული ღირებულებები და ქართული ოჯახი
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას და განავითაროს საკუთარი ენა, ეზიაროს ეროვნულ მემკვიდრეობას, შეინარჩუნოს კულტურული თვითმყოფადობა, იცხოვროს ძლიერი და მტკიცე ოჯახის პირობებში. დროში გამოცდილი ტრადიციული ღირებულებები სტაბილური საზოგადოების საფუძველია.

ჩვენი, "ახალი მემარჯვენეების" მიზანია -
საქართველოში დაამკვიდროს ამ პრინციპებისა
და ღირებულებების ერთგული ხელისუფლება