პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეები”-ს
დამფუძნებელი ყრილობის
მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი
ჩვენ, საქართველოს მკვიდრნი, ვიზიარებთ რა თავისუფლებისა და დემოკრატიის საყოვლთაოდ აღიარებულ პრინციპებს, ვაცნობიერბთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების სირთულეს და გამომდინარე მათი გადაჭრის საერთო ხედვიდან, ვქმნით პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ახალი მემარჯვენეები”.
,,ახალი მემარჯვენეები” იქმნება ახალი ათასწლეულის დასაწყისში, იქმნება იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 10 წლის შემდეგაც ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ახალი რეალობის შესაბამისი საზოგადოებრივი ფენის შექმნა, იმ ფენის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა.
ხელისუფლება უპირისპირდება ბიზნესს. ბიზნესმენს ხალხის მტრად აცხადებს და არ უფიქრდება, რომ მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი მოქალაქეების სიმრავლეს შესწევს ძალა, შეებრძოლოს დღეს გამეფებულ უკანონობას, კორუფციას, სიყალბეს.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოპულზმზე, ფსევდო-დემოკრატიაზე, ყოველივე ეროვნულის უგულებელყოფაზე დაფუძნებული სახელმწიფო ვერ შედგება.
ჩვენ, ,,ახალ მემარჯვენეებს”, თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ ოჯახთან ერთად შეგვწევს ძალა, შევქმნათ ახალი ქართული სახელმწიფო, სადაც:
- ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი იქნება ქვეყნის მოქალაქეთა ეკონომიკური სიძლიერე;
- ხელისუფალი გახდება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა კეთილსინდისიერი მსახური, ხოლო ბიზნესმენი იქნება ქვეყნის ფინანსური დამოუკიდებლობის, ხალხის დასაქმების და ძლიერი ბიუჯეტის გარანტი;
- ქვეყნის ტრადიციული ღირებულებები, გამდიდრებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით იქნება იმის საფუძველი, რაზეც აშენდება ახალი სამოქალაქო საზოგადოება.
ჩვენთვის, ,,ახალი მემარჯვენეებისთვის”, თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის კერძო საკუთრება უზენაესი და ხელშეუხებელია.
ჩვენ ვიბრძვით მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის შესაქმნელად, კონკურენტული გარემოს ჩამოსაყალიბებლად, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დასანერგად.
,,ახალ მემარჯვენეებს” მიგვაჩნია, რომ მძლავრი და სახელმწიფოს ჩარევისაგან თავისუფალი მეწარმეობა წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს. არსებული კრიზისიდან გამოსავალი საგადასახადო ლიბერალიზაციასა და ბიზნესის სტიმულირებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
სოციალურ სფეროში არსებული უმძიმესი პრობლემების გადაწყვეტა სწორედ ბიზნეს-სექტორის და თავისუფალი მეწარმეობის შედეგად არის შესაძლებელი.
ჩვენ, ,,ახალი მემარჯვენეები”, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ ოჯახთან ერთად ხელს შევუწყობთ ძლიერი ეროვნული ბიუჯეტის შექმნას.
სწორედ ჩვენ, ,,ახალმა მემარჯვენეებმა” ვიცით, თუ როგორ გამოვიდეთ იმ საბიუჯეტო კრიზისიდან, რომელმაც შეიძლება ქვეყნის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ქვეყნის ფინანსური სიძლიერის პირობებში უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის უსაფრთხოება, სამუშაო პირობების შექმნა, საშუალო განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საზღვრების დაცვა.
ჩვენი მიზანია ქვეყნის ყველა სფეროში ნამდვილი რეფორმის გატარება.
ჩვენ ერთად ავაშენებთ ახალ ქართულ სახელმწიფოს, რომლის ეკონომიკური სიძლიერე იქნება ქვეყნის მთლიანობის გარანტი, საფუძველი თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის სულიერი სიმშვიდის, ღირსების დაცვის და ერის ფიზიკური გაჯანსაღებისა.
ჩვენ თქვენთან ერთად შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პროფესიისა და პროფესიონალიზმის საშუალებით გახდეს შეძლებული ადამიანი.
ჩვენ გვაქვს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პრინციპები და პრიორიტეტები რეალობად ვაქციოთ.
ჩვენ, ,,ახალი მემარჯვენეები”, ვაცნობიერებთ, რომ არცერთი ზემოთხსენებული სურვილი რეალობად არ იქცევა, თუ კი არ იქნება მიღებული საარჩევნო კანონი იმ სახით, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი უფლების – არჩევის უფლების _ რეალურად განხორციელებას.
ჩვენ, ,,ახალი მემარჯვენეები”, მხარს ვუჭერთ არჩევითობას ყველა დონეზე.
ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან, თითოეულ ოჯახთან ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის. გვერწმუნეთ, ამის მიღწევა მხოლოდ ერთად დგომის შემთხვევაშია შესაძლებელი. გახსოვდეთ, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის აშენებას თითოეული ჩვენთაგანი სჭირდება.
შემოგვიერთდით!
|
პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მე-3 საიუბილეო ყრილობის მიერ მიღებული
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
5 წლის წინ, 2001 წლის 15 ივნისს საქართველოში დაფუძნდა კიდევ ერთი პოლიტიკური მოძრაობა - პარტია "ახალი მემარჯვენეები".
ჩვენ მაშინ გავერთიანდით, რათა დაგვეცვა ქვეყნის დამოუკიდებლობა, აღგვედგინა ტერიტორიული მთლიანობა, აგვეშენებინა ეკონომიკა, დაგვესაქმებინა მოსახლეობა, გვეზრუნა უმწეო მოქალაქეებზე, ქვეყანაში დაგვემკვიდრებინა კანონიერება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და პიროვნების თავისუფლება. გავერთიანდით, რათა უზრუნველგვეყო თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში.
რა მოხდა ამ ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში? შევარდნაძემ ამოწურა რა თავისი მმართველობის 12-წლიანი ხანა, ხელისუფლება ფაქტობრივად მემკვიდრეობით გადასცა თავისი კლანის ერთერთ ყველაზე უფრო უღირს ნაწილს - სააკაშვილსა და მის დაჯგუფებას, რის შედეგად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე და გაუსაძლისი გახდა; საქართველოში კიდევ კარგა ხნით შეფერხდა პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ახალი ციკლი დაიწყო.
ცხოვრების დასავლური სტანდარტების დანერგვისა და რეფორმების აუცილებლობის არგუმენტაციით ახალმა ხელისუფლებამ ასეულობით ათასი ადამიანი სამსახურიდან დაითხოვა, ღირსება შეულახა და ქუჩაში ულუკმაპუროდ დატოვა; ციხეები გაავსო ხშირ შემთხვევაში უდანაშაულო სახელმწიფო მოხელეებითა და ბიზნესმენებით; პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელა ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლება, აღადგინა რა სიკვდილით დასჯა, ოღონდ არა სასამართლოს, არამედ სპეციალური "სიკვდილის ბრიგადების" მეშვეობით.
სააკაშვილის ხელში სასამართლო საქართველოში პროკურატურის ქვეგანყოფილებად ჩამოყალიბდა, პარლამენტი კი - პრეზიდენტის პირად სანოტარო კანტორად. ომი გამოცხადდა ეროვნული მეცნიერების, განათლების, კულტურის წინააღმდეგ. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან დღეს საქართველოში იდევნებიან ჩვენი საუკეთესო მეცნიერები, უნივერსიტეტის პროფესორები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები, მწერლები, ექიმები.
ხელისუფლებისა და პირადად სააკაშვილის უგუნურმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ უმძიმეს დღეში ჩააგდო ქართველი გლეხი, ჩაის, ხილისა თუ ღვინის მწარმოებელი, ნებისმიერი მეწარმე.
სააკაშვილის ხელში კონსტიტუცია თუ ორგანული კანონი ფარატინა ქაღალდად იქცა და ყველაფერი ქვეყანაში მის ნება-სურვილს დაექვემდებარა.
ჩვენს თვალწინ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება, რასაც თან ახლავს ქვეყანაში ერთი პიროვნების - პრეზიდენტ სააკაშვილის კარიკატურული კულტის დამკვიდრება.
ამ პირობებში კიდევ უფრო ძლიერდება საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა და საჭიროება. განსაკუთრებით იმ პარტიებისა, რომელთაც დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მკვეთრად ეროვნული მსოფლმხედველობა გააჩნიათ, გათავისებული აქვთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, კერძო საკუთრების, საბაზრო ეკონომიკის, ეროვნული მეცნიერებისა და ქრისტიანული მორალის მნიშვნელობა ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.
გვწამს რა, რომ სწორედ ამ პრინციპებისა და მსოფლმხედველობის ყველაზე ერთგული მიმდევარი იყო და არის "ახლების´ პარტია, ვაცხადებთ - ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი მოქალაქეებისაგან შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ამისათვის საჭიროა:
- უმოკლეს ვადაში სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების გზით, მშვიდობიანი მეთოდებით, განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება;
- განხორციელდეს კონსტიტუციური რეფორმა, რომლის შედეგადაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება დაბალანსდება ძლიერი საკანონმდებლო და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით. ერთხელ და სამუდამოდ მოხდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია ადგილებზე რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბების გზით;
- საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მოხდეს არა ხელისუფლების მხრიდან შანტაჟისა და პოლიტიკური ვაჭრობის, არამედ დასავლური ფასეულობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრების მეშვეობით;
- ახალმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს მეზობელ ქვეყნებთან, პირველ რიგში რუსეთთან, ორმხრივი კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე;
- და ბოლოს, ამ პრინციპების მქონე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებთ ერთიანობისაკენ.
ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა !
მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ ჩვენ ერთიანი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აშენებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში.
გავერთიანდეთ გამარჯვებისათვის!
მიღებულია პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" III ყრილობაზე
თბილისი, 2006 წლის 3 ივნისი.
|
|